101 შემოწმებული კლინიკიდან ინფექციების კონტროლის კუთხით დარღვევები 98 სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლიკა ჭუმბურიძემ უწყების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„რეგულირების სააგენტომ ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის მიზნით 101 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა და 98-ში დარღვევები გამოვლინდა. ასევე ფარმაცევტული უკანონო საქმიანობის კუთხით შევამოწმეთ 137 დაწესებულება. მოხდა 600 ათასამდე ერთეული მედიკამენტის კონფისკაცია. ჯარიმის სახით დაიწერა მილიონ 100 ათასი ლარი,“ – აღნიშნა ჭუმბურიძემ.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ის რეფორმები, რომლებიც მედიკამენტების ბაზრის რეგულირების მიზნით დაიწყო, უმნიშვნელოვანესია, თუმცა რეგულირება ბიუროკრატიის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს.
„უმნიშვნელოვანესია წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნა. მივესალმებით, რომ იქნება მეტად კონტროლირებადი ელექტრონული რეცეპტების გამოწერა, მათ შორის იქნება ბრძოლა პოლიპრაგმაზიასთან ანუ მედიკამენტების ჭარბად გამოყენებასთან, ასევე მნიშვნელოვანია რეფერენტული ფასწარმოქმნა. ძალიან ბევრი სიახლეა, რეგულაცია ბევრი ბიუროკრატიის გარეშე ნამდვილად ამართლებს და ამას გვაჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.