რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლები Paramount-ისგან 55 წლის შემდეგ, შიშველი სცენებისთვის $500 მილიონს ითხოვენ

მსახიობები ლეონარდ უაიტინგი და ოლივია ხასი, რომლებმაც რომეო და ჯულიეტა ფრანკო ძეფირელის ამავე სახელწოდების ფილმში განასახიერეს, Paramount-ს შიშველი მოზარდების სურათების გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივიან.

Variety-ის ცნობით, გადაღებების დროს ოლივია ხასი 15 წლისა იყო, მისი პარტნიორი კი 16 წლის.

ახლა ოლივია ხასი და ლეონარდ უაიტინგი 70 წელს გადაცილებულნი არიან.

30 დეკემბერს, მათ სარჩელი შეიტანეს სანტა-მონიკას უზენაეს სასამართლოში, და Paramount-ი სექსუალურ ექსპლუატაციასა და შიშველი თინეიჯერი ბავშვების  სურათების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

ისინი სტუდიისგან, მორალური ზიანისთვის $500 მილიონს ითხოვენ. სარჩელში ნათქვამია, რომ რეჟისორი ფრანკო ძეფირელიმ, (რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა), ორივე მსახიობი დაარწმუნა, რომ ფილმში შიშველი სცენები არ იქნებოდა, მაგრამ გადაღებების ბოლო დღეებში, მსახიობების თქმით, რეჟისორმა განაცახდა, რომ თუ ინტიმურ სცენებში შიშვლები არ გამოჩნდებოდნენ, „სურათი ჩავარდებოდა".