Credit Suisse-ს 2023 წლის „შიშის“ დღის წესრიგი - ამ სათაურით სტატიას შვეიცარიული საინფორმაციო ვებ გვერდი Finews-ი აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა.
ამასთან, Credit Suisse-ს შვილობილ კომპანიას არ სურდა, რომ ეს აღქმულიყო, როგორც დანაშაულის აღიარება. ივანიშვილის მიერ სინგაპურში წარდგენილი ზარალი $1,27 მილიარდს შეადგენს.
სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურში განაჩენის გამოტანა პირველი კვარტლის ბოლომდეა მოსალოდნელი. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ბანკის შვილობილმა კოპანიამ უნდა გადაიხადოს თუ არა კომპენსაცია $600 მილიონის ოდენობით.
„სისხლის სამართლის საქმე Credit Suisse-ს წინააღმდეგ შვეიცარიაში 2021 წლის ბოლოს აღიძრა. მას შემდეგ ჟენევის პროკურატურამ სხვადასხვა ბანკირები გამოკითხა. ამის შემდეგ საქმის მსვლელობა შენელდა, თუმცა 2023 წელს შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს“, - წერს გამოცემა.