სტოლტენბერგი: მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში

„ავტორიტარული რეჟიმები იზრდებიან. დემოკრატია უკან იხევს. გლობალიზაციის დონე იკლებს. დღეს ეს ახალი რეალობა ყველაზე მეტად ჩანს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებით“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.

„სისასტიკემ ბევრი შოკში ჩააგდო. მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ გავქვს. მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში. შეჭრა საქართველოში. ალეპოს დაბომბვა.

და ომი უკრაინაში, რომელიც გასულ თებერვალში არ დაწყებულა. ის 2014 წელს დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით.
მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მაგალითი. NATO-ში ჩვენ ასევე გვქონდა ზუსტი ცნობები საზღვრის გასწვრივ რუსული ძალების დაგროვებისა და მათი კონკრეტული გეგმების შესახებ.

ჩვენ ვაქვეყნებდით ამ ინფორმაციას და ვაფრთხილებდით შესაძლო შემოჭრის შესახებ თვეების განმავლობაში. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას ომის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მაინც თავდასხმა აირჩია.

NATO მოემზადა. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენს წევრ ქვეყნებში NATO-ს მეტი ჯარისკაცი განლაგდა. გაიზარდა ჩვენი ძალების მზადყოფნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან“. 


სტოლტენბერგის თქმით, შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები და მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო ყოფნა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე.

„ჩვენ ახლა უფრო მეტი ჯარისკაცი გვყავს მაღალ მზადყოფნაში. ეს არის არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ ნაბიჯი იმისათვის, რომ უკრაინის ომი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად NATO-სა და რუსეთს შორის.

ძლიერი თავდაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას. NATO-ს და წევრ ქვეყნებს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უკრაინაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვისაც საშიშია. ეს იქნება მესიჯი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ.

ეს უფრო დაუცველებად გვაქცევს. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება.

ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა.

მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს.

ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს.  მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.