გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ჩვენება მისცეს.
„არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ იწყება გამოძიება ძალადობის მუხლით, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც შარაშიძის მიერ, თუმცა ამ ძალადობის შედეგად კონკრეტულად დაზარალებულს უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი. განიცადა თუ არა ტკივილი, ეს უნდა თქვას თავად დაზარალებულმა. თუ მან თქვა, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ, მიუხედავად იმისა, რომ მომეჩვენა, ისინი დეტალურად კითხულობდნენ და დაინტერესებულები იყვნენ ბრალის წარდგენაზე.
შარაშიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა კითხვას. ჯერი დაზარალებულზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი არ განეცადა და თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით თქვას“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაწყებულია გამოძიება.