ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში სიტყვა „შეგუება“ არსად წერია და მასში მხოლოდ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზეა საუბარი.
„როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი.
შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება - წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.