თამარ ტალიაშვილი: ევროპარლამენტის მიმდინარე სესია კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება.

„მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კობახიძის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად არჩევა - ეს არის მთლიანად საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების და თანამეგობრობის მხრიდან და კიდევ ერთი კარგი გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროინტეგრაციის კუთხით არის მხარდაჭერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ.

ასევე, ეს არის ის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც საუბარი არის საქართველოს პროგრესის შეფასებასთან დაკავშირებით და აქაც ვხედავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულებას და მაღალ შეფასებას იმ პროგრესთან და რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

ჩვენთვის ეროვნულ დონეზე უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ის, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ოპონირების, საქართველოს მიერ ინიცირებული ცვლილებებს აქვს დიდი მხარდაჭერა და ვხედავთ, რომ სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები, მიუხედავად რუსეთის ოპონირებისა, არის მხარდაჭერილი და ჩვენ ვაღწევთ წარმატებას ჩვენი ინიციატივების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონტექსტში გატანასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.