აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე სენატმა ენტონი ბლინკენი დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე სენატმა ენტონი ბლინკენი დაამტკიცა. ენტონი ბლინკენი აშშ-ს რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.

აშშ-ის პირველი დიპლომატის პოზიციაზე დასამტკიცებლად, 100-კაციან სენატში, ბლინკენმა 78 ხმა მიიღო 22-ის წინააღდეგ. ოცდაორივე სენატორი რესპუბლიკელი იყო.

ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა.

ენტონი ბლინკენი მხარს უჭერ NATO-ს გაფართოებას. 19 იანვარს სენატში გამართული მოსმენის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა ნატოს გაფართოებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, თუ საქართველო NATO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ნატო-ს გაფართოების შესახებ შეკითხვა ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკელმა სენატორმა რენდი პოლმა დაუსვა.

ბლინკენის განცხადების საპასუხოდ, რენდი პოლმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ში რომ გაწევრიანებულიყო, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის გათვალისწინებით, ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა. სენატორმა განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

აღნიშნულ მოსაზრებას ბლინკენი არ დაეთანხმა. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის თქმით, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს მხოლოდ ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს.

„მე საწინააღმდეგოს ვფიქრობ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატო-ში, არ არიან რუსეთის აგრესიის სამიზნეები“, – აღნიშნა ბლინკენმა.