აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ პროექტის წევრი გახდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ბუნებრივ აირს 15 სხვადასხვა წყაროდან ყიდულობს.
„ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ „გაზის ჰაბი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთში დადებული შეთანხმება იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები. ამ ქვეყნების გაზის წყაროები აღმოსავლეთშია. ასევე გასათვალისწინებელია კასპიის ზღვა, ერაყი და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა. ამას თუ დავამატებთ შიდა გაზს, თურქეთს გაცილებით დიდი მარაგი ექნება“, - აღნიშნა მინისტრმა.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს გაზიფიცირებული იყო მხოლოდ ხუთი დიდი ქალაქი და 50 უბანი.
„დღეს გაზიფიცირებულია 81 რაიონი. მილსადენის სიმძლავრე არ იყო საკმარისი. გაზი „ცისფერი ნაკადს“(გაზსადენი რუსეთსა და თურქეთს შორის) სამსუნიდან მიეწოდებოდა. ამის შემდეგ ამუშავდა TANAP-ი. ექსპლუატაციაში შევიდა ორი მილსადენი „თურქული ნაკადის“ პროექტის ფარგლებში. პირველი ხაზი განკუთვნილია თურქეთის მოსახლეობისთვის, მეორე კი ევროპის ქვეყნების გაზმომარაგებისთვის ბულგარეთის გავლით. აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი შესაძლოა გახდნენ „თურქული ნაკადის“ წევრები“, - აღნიშნა ფატიჰ დონმეზმა.