BP აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და თურქეთისთვის მილსადენის ოპერატორის როლის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მედია

BP მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენების ოპერატორის ფუნქციების გადაცემაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მოლაპარეკებების შესახებ ინფორმაცია Report-ს BP Azerbaijan-მა დაადასტურა.


კომპანიამ აღნიშნა, რომ არსებული მილსადენების მართვის შეთანხმებების თანახმად, ნავთობისა და გაზის მილსადენების ოპერატორის როლი წინასწარ განსაზღვრულია და მისი გადაცემა დაგეგმილია შესაბამის სამთავრობო ან სახელმწიფო ორგანოსთვის, შეთანხმებულ ვადებში.


„ამ შეთანხმებების საფუძველზე, 2021 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერაციები გადაეცა SOCAR-ს როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. ანალოგიურად, ეს შეთანხმებები ითვალისწინებს დასავლეთის ექსპორტის მილსადენის (ბაქო-სუფსა) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორის ფუნქციების გადაცემას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი ორგანოებისთვის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში,“ - განაცხადა BP-მ.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ-ზეა გადაჭიმული, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანშია, 249 კმ საქართველოში და 1076 კმ თურქეთში.


BTC Co.-ს აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), Itochu (3.4%), Inpex (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (3.1%).

ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელიც განკუთვნილია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ბლოკიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის აპრილში. მილსადენი მოიცავს 837 კმ-ს, მათ შორის 775 კმ ახალ 21 დიუმიან (530 მმ) მილს და 55 კმ რეაბილიტირებულ მონაკვეთებს, რომელთა გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტია (145,000 ბარელი დღეში). ამ მარშრუტზე ოპერაციები შეჩერდა 2022 წლის გაზაფხულზე და ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის მთელი ექსპორტი BTC მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.