მარტა კოსი აცხადებს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გასამმაგდება

შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა 2022 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა და 2030 წლისთვის შესაძლოა, კიდევ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმზე, იტყობინება Trend-ი.


კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საიმედო სატრანსპორტო მარშრუტებს დერეფნის გასწვრივ ყველა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები მოაქვს.


„ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველს გვხდის. ტრანსპორტში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირგაბმულობაში ინვესტიციები მეტ ვარიანტს ქმნის და ამცირებს ზეწოლის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთ დერეფნისთვის,“ - აღნიშნა კოსმა.


26-27 ნოემბერს, კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მესამე ეკონომიკურ ფორუმსა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმში,  რომელსაც უზბეკეთის მთავრობა და ევროკავშირი მასპინძლობდნენ.