ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს NATO-ს მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებაა და ასევე აღნიშნა,რომ მზად არის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს",- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის სპიკერის თქმით, საუბრის დროს ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და პუტინს განიარაღების ხელშეკრულების(New START) ვადების გადაწევა შესთავაზა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლა და სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა.
საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს.
როგორც კრემლში აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა.
„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, ხოლო მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებსაც პასუხობს“, - ნათქვამია განცხადებაში.