გიუმრიში პოლიტიკურმა ძალამ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა“ რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზასთან აქცია გამართა. აქციის დაწყებამდე პოლიციამ სამხედრო ბაზის შესასვლელები გადაკეტა.
სომხური მედიის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სამხედრო ნაწილთან მიახლოების საშუალებას არ მისცეს. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით, 100-მდე ადამიანია დაკავებული.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა „დედა სომხეთის“ ძეგლისკენ მოაწყვეს.
მანამდე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, რომელიც 28 დღეა დაკეტილია, 102-ე ბაზაზე შესასვლელების გადაკეტვას გეგმავდნენ. დემონსტრანტებმა რუს სამხედროებს ვალდებულების შესრულება და ლაჩინის დერეფნის გახსნა მოსთხოვეს.
„მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ სომხეთი, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური დასახელება) ჩათვლით, 102 ბაზის სახით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - განაცხადა „ეროვნული დემოკრატიული პოლუსის“ წევრმა გაჰე გასპარიანმა.
ინფორმაციისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. 1990 წლებიდან მას სომხური ძალები აკონტროლებდნენ. 2020 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული შეთანხმებით, აზერბაიჯანმა კონტროლი რეგიონის დიდ ნაწილზე დაიბრუნა და იქ რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ განთავსდა.