დღეს ევროპის საბჭო კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს განიხილავს. ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.
საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას სხდომის მონაწილეებს ქართული დელეგაციის წევრები გააცნობენ.
საქართველოს დელეგაციის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.
„COVID-19-თან ბრძოლა და ვაქცინაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მსოფლიოში დგას და რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გვერდს ვერ აუვლიდა. შესაბამისად, დღეს გაიმართება დებატები ამ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე, იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს ვაქცინაციის თვალსაზრისით. იქნება საუბარი იმ მთავარ ასპექტებზე, რომლებიც აქვს ჩვენი ეროვნული ვაქცინაციის გეგმას, ასევე იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი ეროვნული გეგმით და იმ პერიოდზე, რომელზეც გათვლილი გვაქვს ვაქცინაციის გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.