აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„საუბარია Pfizer-ის ვაქცინის 100 მილიონ დოზასა და Moderna-ს ვაქცინის ანალოგიურ რაოდენობაზე. მოველით, რომ ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას ზაფხულში მივიღებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა დააზუსტა, რომ ვაქცინის 200 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილია და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მისი ადმინისტრაცია შესყიდვის დადასტურებას შეძლებს.

„საერთო ჯამში, ვაქცინების 600 მილიონი დოზა გვექნება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ამერიკელმა გაიაროს ვაქცინაცია შემოდგომის დასაწყისისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.