მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას 2023 წელსაც განაგრძობს.
ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დაუფინანსდებათ.
„სოციალური მიმართულებით ყველა ის პროგრამა, რაც მოქმედებდა ამ დრომდე, შენარჩუნებულია. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირების კომპონენტი, რომელიც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, დაახლოებით 12 თეთრამდე უსუბსიდირდებათ 1 კვტ/საათზე ტარიფი, ხოლო 70-150 ათასი ქულის მქონე ოჯახებში, სუბსიდირება მოხდება 3.5 თეთრის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა.