ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებას მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, კომენტარი გავაკეთოთ უკრაინის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ სისტემებთან დაკავშირებულ შიდა განხილვებზე. ზოგადად კი, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ვიდრე ეს მას დასჭირდება და გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გამოვავლინოთ საჭიროებები და მივაწოდოთ უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად განვითარდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დახმარების განსაზღვრას, რათა ის შეესაბამებოდეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ახლა და მომავალში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.