თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვა კი, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გიორგი მღებრიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.