აშშ უკრაინას VAMPIRE-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს გადასცემს

L3Harris Technologies-მა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან მიიღო კონტრაქტი, რომელიც უკრაინაში 14 VAMPIRE-ის ტიპის მრავალფუნქციური იარაღის სისტემის მიწოდებას გულისხმობს. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია.

კომპანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას გადასცემს 14 სარაკეტო სისტემას რუსული აგრესიისგან თავდაცვის გასაძლიერებლად.

ოთხი ასეთი იარაღი უკრაინას 2023 წლის შუა რიცხვებისთვის მიეწოდება და კიდევ ათი 2023 წლის ბოლომდე.

„პორტატული ნაკრები საშუალებას მისცემს უკრაინის სახმელეთო ძალებს, ჩამოაგდონ მტრის დრონები და დაიცვან თავი ხმელეთზე საფრთხეებისგან. თავდაცვის სამინისტროს მიერ შეკვეთილი სისტემები მორგებულია კრიტიკული მნიშვნელობის საჭიროებებზე, იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა თავდასხმებისგან დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.