Politico: აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას პირველად აწვდის Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო მართვად რაკეტებს, იტყობინება Politico. Sea Sparrow-ის გაშვება შესაძლებელია ზღვიდან ან ხმელეთიდან თვითმფრინავების ან ფრთოსანი რაკეტების შესაკავებლად.

აშშ და მოკავშირეების უმეტესობა მას გემზე იყენებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ უკრაინა კონცეტრირდება სახმელეთო ვერსიაზე, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ტაივანი იყენებს.

ხსენებულ დახმარებას უკრაინისთვის განკუთვნილი უახლესი პაკეტი შეიცავს, რომლის მოცულობაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია.

„ეს სამხედრო დახმარების პაკეტი უპრეცედენტოა მისი შინაარსით: ის უკრაინას ახალი ლეტალური და ძლიერი იარაღით აწვდის რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად“, - წერს უკრაინული მედია.

ინფორმაციისთვის, Sea Sparrow არის მოკლე დისტანციის საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის სისტემა, რომელიც ძირითადად განკუთვნილია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან თავდაცვისთვის.