დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.
საკადრო ცვლილებების შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.
„ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა.
„ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა მერმა.
გლდანის რაიონს კი ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.