2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა მილიონ 361 ათასი ადამიანია.
"საპენსიო სააგენტო ასევე აქვეყნებს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშს, რომლის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2.95 მლრდ ლარს შეადგენდა შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 438 მილიონი ლარი იყო.
„საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 2.0% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 63.0% არის განთავსებული“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.