„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში, ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები.
„მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათი აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს.
ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი. პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები, ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ყურადღებაა მიმართული, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რა თქმა უნდა, გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით. ცხელი ხაზით შემოდის ინფორმაცია და თუ სადმე არის შეფერხება, რეაგირება გვაქვს.
გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. გაწმენდით სამუშაოებს ართულებს ღამის საათებში დაბალი ტემპერატურა, ყინვებია. დილით ადრიანად ვიწყებთ გაწმენდას, თუმცა, მაინც გვაქვს შეფერხება მაღლობებზე და მეორად ქუჩებზე“, - აღნიშნავს დავით ფაჩულია.