უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა France-Presse-თან, ომში, უკრაინის ადრეული გამარჯვების პირობები დაასახელა და ასევე სოლედარში არსებულ ვითარებას შეეხო.
„სოლედარში სასტიკი ბრძოლებია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი აზრით, ომი შესაძლოა, უკრაინის გამარჯვებით ჯერ კიდევ 2023 წელს დასრულდეს, იმ პირობით, რომ დასავლეთი გაზრდის იარაღის, კერძოდ, შორი დისტანციის რაკეტებისა და მძიმე ტანკების მიწოდების მოცულობას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პოდოლიაკის აზრით, ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.
„მხოლოდ 100 კმ-ზე მეტი მანძილის მქონე რაკეტები მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკი გულისხმობს ამერიკულ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ, დაახლოებით 300 კმ მანძილი დაფარონ, - აღნიშნავს სააგენტო.
დონეცკის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პოდოლიაკმა თქვა, რომ მთავარი განსხვავება არსებულ ვითარებასა და სხვა ქალაქებისთვის ბრძოლებს შორის არის ის, რომ სოლედარსა და ბახმუტში ამ დროისთვის მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის.
„თუკი მარიუპოლში დაღუპულთა 90% მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, სოლედარსა და ბახმუტში ჯარისკაცები არიან“, - თქვა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ეს ქალაქები რუსეთისთვის არანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენს.