უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება.
„ჩვენ დაახლოებით ხუთი მილის, შვიდი კილომეტრის მანძილზე ვართ ადგილიდან, სადაც ბრძოლებია. შეგიძლიათ არტილერიის ხმა გაიგოთ - აფეთქებების უმეტესობა ქალაქის მხრიდან ისმის”, - განაცხადა ამერიკელმა კორესპონდენტმა.
CNN-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საკუთარი ვალდებულებების შესრულებით არიან დაკავებულები - „უკან დახევისა ან გასვლის რამე ნიშნები არ არის”.
CNN-ის კორესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ჯარისკაცთან, რომელიც ახლა სოლედარში იმყოფება და იგი ასევე უარყოფს რუსების ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განცხადებებს.
„აქ რთულია, მაგრამ უფრო ცოცხლები ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაუჯეროთ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ იქ ვუძლებთ. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად. ხელმძღვანელების გარეშე”, - განაცხადა ჯარისკაცმა.
მისი თქმით, შემდგომი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან, მტერი ქალაქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს.
მისივე თქმით, მტერი კავშირს ახშობს, რის გამოც სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის კოორდინირება რთულდება.