საქართველოს მთავრობა UNICEF-ის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს

საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის. შესაბამის ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

„470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა.

კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ინფორმაციისთვის, გასული წლის პირველი აგვისტოდან უკრაინიდან დევნილი ოჯახები საქართველოს მთავრობისგან ყოველთვიურად 300-ლარიან დახმარებას იღებენ, რასაც ოჯახის თითოეულ წევრზე 45-ლარიანი დახმარება ემატება. თბილისში მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება უფასოა.