„რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვას, რომლის ინფორმაციით, თითქოს თბილისის მერია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული ნაკვეთის გასხვისებას და ზონის შეცვლას გეგმავს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია სიცრუეა და ზონალური სტატუსი რეკრეაციულ სივრცეებს არ შეცვლია.
„ზონალური სტატუსი არაფერზე შეცვლილა. რაც იყო რეკრეაციული სივრცე, დღესაც რეკრეაციული ზონაა. პრობლემა, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, არის ის, რომ „მზიურის“ დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გასხვისდა და იქ გახორციელდა მშენებლობები.
რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ, განხორციელდა მხოლოდ იმ დარჩენილ მონაკვეთს, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რეკრეაციულ ზონაში არის შესაძლებელი გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, საგამოფენო სივრცე, მაგრამ აქ საუბარი არ არის ზონის ცვლილებასა და ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც შეუსაბამოა ზონასთან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.