„ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ცალსახად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რადგან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია, არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე, რადგან ვიცით რამდენად მძიმეა ეს ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს აისახება როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. დარჩება შაბათ-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათ-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა დღე.
ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები. დღეს მოვისმინეთ პოზიტიური მოსაზრებები და დასკვნები ბიზნესიდან. ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება მუდმივი კომუნიკაცია შენარჩუნებული, რომ დაიგეგმოს ბიზნესის შემდგომი გახსნა და დამატებითი შემსუბუქებები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.