საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, მიმდინარე წელს იძულებული გავხდით, მინიმალური ხელფასები დაგვეწესებინა და განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასები. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ადეკვატური, ღირსეული ხელფასია, თუმცა არის მინიმუმი ექთნის შემთხვევაში, 800 ლარამდე, ექიმის შემთხვევაში – 1 200 ლარის ფარგლებში.
რაც შეეხებათ სასწრაფოს ექიმებს, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს უკვე ათპროცენტიანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული დღეში. ვგულისხმობ თითოეულ მორიგეობას;
ასევე, გასული წლის განმავლობაში სამჯერ მივეცით მათ ეგრეთ წოდებული პრემია. ჩვენს უწყებაში შემავალ არც ერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია, ბონუსი არ აუღია; დაზღვევასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა სპეკულაცია. ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება. სულ მცირე, საშუალოდ ორჯერ არის გაუმჯობესებული პირობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.