საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახალხო არტისტზე, მანანა დოიჯაშვილზე წერს, რომ ქართულ კულტურას ღირსეული ქალბატონი გამოაკლდა.
"საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი.
ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას. მან საქართველოსათვის ძალიან რთულ წლებში მოახერხა არა მარტო თავისი საყვარელი სასწავლებლის - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა, არამედ დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსება
ქალბატონი მანანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას.
ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას
მეტად ვწუხვარ, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას", - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი, მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.