EUMM-ში ადასტურებენ, რომ 13 იანვარს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ინციდენტი მოხდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 13 იანვარს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს.

Europetime-ს მისიაში უთხრეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა „იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“.

ამასთან, მისიაში Europetime-ს განუცხადეს, რომ ეს საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110-ე შეხვედრაზე განიხილეს.

დღეს, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა „ცეცხლი“ ჰაერში შეაგებეს. წადითო“. ქაცარავას თქმით, მან ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.