პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.
ახლა საკითხი ბიუროს გადაეცემა, რათა ბიურომ ის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.
დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა.
პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. აანონსებენ პროცესების გამწვავებას და რევოლუციურ სცენარზე საუბარსაც არ ერიდებიან. პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდებიან.
სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამოცხადებული რევოლუციური სცენარი ხალხისთვის მიუღებელია და ამას მხარს არავინ დაუჭერს.