ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო ესწრება.
„პატივი მაქვს, წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა: ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს.
ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო.
ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტან კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია წერილში.