თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის დაჩქარება შეიძლება, თუ ვირუსის შესაკავებლად ოქროს შუალედს მონახავენ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობას რეკომენდაციას აძლევს დააჩქაროს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, თუმცა ართხილებს ისეთი წითელი ხაზი არ გადაკვეთოს, რომელიც ვირუსის უკონტროლოდ გავრცელებას გამოიწვევს.

როგორც დღეს მედიასთან საუბრისას ქვეყნის მთავარმა ინფექციონისთმა აღნიშნა, მთავრობამ შეზღუდვების ოქროს შუალედი უნდა გამონახოს.

„ერთი მხრივ, ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ნაწილობრივი ლოქდაუნის და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში. ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ამ ტენდენციას ვერ დავუჭერ მხარს. მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდის რისკს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში.

შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის დაჩქარება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ დაიცავენ მოქალაქეები არსებულ რეგულაციებს.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან