ევროპარლამენტმა რუსეთისა და ბელორუსის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნას. რეზოლუცია მიღებულია 472 ხმით, 19 წინააღმდეგ წავიდა და 33-მა თავი შეიკავა.

„რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, წარმოადგენს გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ძალებმა განახორციელეს განურჩეველი თავდასხმები საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მოკლეს ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და განახორციელეს ტერორისტული აქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრიბუნალის შექმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტიტუციურ სისტემაში არსებულ დიდ ხარვეზს შეავსებს.

მან მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქვეყნებს, იმუშაონ მჭიდრო თანამშრომლობით უკრაინასთან, რათა მოიძიონ და შექმნან პოლიტიკური მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ფორუმებში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არამხოლოდ ვლადიმერ პუტინის და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ქმედებები.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპარლამენტს მტკიცედ სჯერა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პუტინი და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა შეიძლება, უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის დაისაჯონ.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ამ ტრიბუნალის შექმნა ასევე იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტისა და რუსეთის მოკავშირეებისთვის, რომ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციისთვის დასავლეთთან ჩვეულ ფორმატში დაბრუნება შეუძლებელია.