„მზად უნდა ვიყოთ, რომ ტყვირთბრუნვა გაიზრდება [შუა დერეფანში], ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა.
„მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, მაქსიმუმ 10-15 დღეში შემოვა საქართველოში, როცა ზღვით ტვირთების გადაზიდვას 45 დღე სჭირდება. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი დერეფანია. ყველა ეს ქვეყანა მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისვე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში.
„ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა.
ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს.
25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია. აქვე მინდა, ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.