ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით - Limak Holding -ის თავმჯდომარე

ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, - ამის შესახებ კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარემ ებრუ ოზდემირმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა.

მისი თქმით, თუ აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გაკეთდა, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება.

„ჩვენ ვართ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანია. ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ამ დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, მაგრამ საოპერაციო კუთხით, როცა აშენდება ეს დერეფანი, კერძო სექტორი დააკვირდება შესაძლებლობებს და ვნახავთ რა გამოიკვეთება.

ჩვენ აეროპორტები ავაშენეთ, როცა შეიქნა ამის აუცილებლობა და მოთხოვნილება. როგორც კი საჭიროება გამოიკვეთება, ლოგისტიკური ცენტრიც იქნება, სასაწყობე მეურნეობებიც. ეს ყველაფერი იქნება კერძო სექტორის ჩართულობით. ეს რეგიონი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული მიმწოდებელი.

ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. თურქეთის მოსახლეობა 90 მილიონია. ჩვენი მშპ ბევრ წილად გაიზრდება და კერძო სექტორისთვის შეიქმნება შესაძლებლობები და ამას აშკარად ვხედავთ. მე არ წარმოვადგენ მთავრობას, მაგრამ ვხედავ, რომ თურქეთს სწამს ამ პროექტის და ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ეს ყველა მხარისთვის მომგებიანია.

ეს თანამშრომლობა სახეზეა. ეს კარგი მეგობრობა, ეს კარგი ურთიერთობა ჩვენს რეგიონში ძალიან კარგ მაგალითს შექმნის მსოფლიოსთვის. თუ შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავაშენებთ ამ ინფრასტრუქტურას, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის - ბუნებრივი აირის მილსადენის შემთხვევაში გავაკეთეთ, რეკორდულად სწრაფად აშენდა. ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც, ძალიან ეფექტიანად აშენდა და ძალიან კარგად მუშაობს. ამ დერეფანსაც იგივე შეეხება“, - განაცხადა ებრუ ოზდემირმა.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.