აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად.
ამასთან, ერთობლივ განცხადებაში ბლინკენი და ჩავუშოღლუ ხაზს უსვამენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ და ადასტურებენ, რომ ომის შეწყვეტის გზების ძიებას მხარს უჭერენ.
მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-თურქეთის თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის თურქეთის F-16 ფლოტის მოდერნიზაცია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ თურქეთს მადლობას უხდის როლისთვის, რომელსაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებაში ასრულებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობა ისეთი ტემპით, რომელიც მსოფლიოში ხორბალზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განიხილეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე NATO-ს კოორდინაციისა და სოლიდარობის განმტკიცების გზები და კოლექტიური თავდაცვის და NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს.