ამ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსების მოხმარებაზე უარს იტყვის გარდა უნგრეთისა, რომელიც შესაძლოა, „პოლიტიკური მიზეზების გამო“ გამონაკლისი აღმოჩნდეს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ჩინეთზე და ეს უფრო მეტია, ვიდრე ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე.
ოქტომბრის დასაწყისში ბორელმა თქვა, რომ ევროპის ეკონომიკა რესტრუქტურიზაციის პროცესშია, რადგან ევროპული კეთილდღეობა აშენდა იაფფასიან რუსულ ენერგორესურსებზე.
Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ევროკავშირი რუსეთში გაზის 40%-ს ყიდულობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8%-ზე ნაკლებია.
18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ სთხოვა ევროკავშირს, რომ მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციიდან გაზისა და ნავთობის მიწოდება შეენერჩუნებინა.
მისი თქმით, უნგრეთს ენერგორესურსების მისაღებად ალტერნატიული წყარო არ აქვს. აგვისტოს ბოლოს უნგრეთმა „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება პირველი სექტემბრიდან დღეში დამატებით 5,8 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე. ოქტომბერში მხარეები შეთანხმდნენ „თურქეთის ნაკადის“ მეშვეობით მიწოდების გაზრდაზე.