კელი დეგნანი უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად და არა საჯაროდ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემის საკითხი საქართველომ და უკრაინამ კონფიდენციალურად უნდა განიხოლონ. 

„ჩვენ განუწყვეტლივ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, რომ განიხილონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონფიდენციალურად და არა საჯაროდ“, - განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს. 

მისვე თქმით, ახლა ძალიან სენსიტიური დროა.

„რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად.

საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია.

ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ელჩმა.

მანამდე, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა. 

შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.