თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, - პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება.
"როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ სერიოზული პრობლემების გადალახვა.
თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია. ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითხვის დასმა, ამ შემთხვევაში ვის მხარეს არის საქართველო, აბსოლუტურად უსაგნო და არასწორია", - განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.