გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურებაზე მიუთითებს. რეკომენდაციები

ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს. აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
 
ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე. ჰაერის ცუდი ხარისხის დროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია:

ძალიან ცუდი, ძალიან არაჯანსაღი ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის; ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას:

გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები; ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.

ცუდი, არაჯანსაღი ჰაერის დროს ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად. გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას თავი უნდა აარიდონ: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა;
ბავშვებმა და ხანდაზმულებმა; ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.

საშუალო, სენსიტიური ჯგუფებისთვის არაჯანსაღი ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის. გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა უნდა შეამცირონ: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა.

კარგი, საშუალო ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი მისაღებია; თუმცა, ზოგიერთ დამბინძურებელს შეიძლება გააჩნდეს ჯანმრთელობის გარკვეული ეფექტები მოსახლეობის იმ ძალზე მცირე ჯგუფისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ზემგრძნობელობა ჰაერის დაბინძურებისადმი.