NATO სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. NATO-ს ინფორმაციით, კოლომინას ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილია.

კოლომინა სომხეთში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. აზერბაიჯანში ხავიერ კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ოფიციალურმა პირმა განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე. მან თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე, მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხავიერ კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსალოდნელ ვიზიტზე, უფრო ადრე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

„NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.

საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად. 

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია.

„პირდაპირი დიალოგი არის გასაღები საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.