არანაირი საფუძველი, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბროსას განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მის პარტნიორებთან.
„სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელებულია ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რაც დადგენილია.
შესაბამისად, ამ ნაწილში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც საბაჟოს ვაჭრობაში, ასევე საფინანსო მიმართულებით, საბანკო სექტორთან მიმართებით, ადგილზეა და შესაბამისად, ეს ღონისძიებები ტარდება. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე, იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომელიც ახორციელებს შესაბამის კონტროლს როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები და შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სანქციების მიმართულებით ჰყავს ორი სპეციალისტი, რომელთაც კვალიფიკაცია აშშ-ში აიმაღლეს და შესაბამისად, საქართველოს საბაჟოზე არის რესურსი, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც არის ბრალდება საჭიროა მტკიცებულებები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენა გამორიცხულია.
„როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე ეს ეხება ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, რეექსპორტის მაჩვენებელს. ყველა საბაჟო ოპერაცია არის მაცრი კონტროლის ქვეშ იმ პირებთან და საქონელთან მიმართებით, რომელიც სანქცირებულია. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანომ დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი შეაჩერა და გააუქმა, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
მანამდე, CNN-ის წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაში განაცხადა, რომ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ხვდება.