კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 29 იანვრიდან, პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას, პორტუგალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფრენები ბრაზილიიდან და ბრაზილიის მიმართულებით პორტუგალიაში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ვირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, სულ მცირე, 14 თებერვლამდე დარჩება ძალაში.
შეზღუდვა ყველა კომერციულ და კერძო ფრენას ეხება, გამონაკლისია ჰუმანიტარული მიზნის მქონე ფრენები. 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა ფრენების აკრძალვა პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთს შორისაც.