ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ბათუმის ვიცემერმა, ლევან დავითაძემ და მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი გადაეცათ. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

„ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგიული ჩარჩოსა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

ჩატარდა არაერთი კვლევა და ანალიზი, შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, „იუნისეფის“ წარმომადგენლების ჩართულობით, სტრატეგიული ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის მიმართულებებისა და ღონისძიებების განსასაზღვრის კუთხით იმუშავა“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.