შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა.
საზღვრის კვეთა უმეტესად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა.
2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 205,6%-ით გაზრდილია.
2022 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან გადმოკვეთეს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით გაიზარდა და თურქეთიდან საქართველოში 219 756 პირი შემოვიდა.
საქართველოში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით, თურქეთის შემდგომ, მეორეა რუსეთი. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 306%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 131 546 პირი შემოვიდა.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის რაოდენობით, ქვეყნების პირველ ექვსეულში თურქეთისა და რუსეთის შემდგომ არის სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები.
რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებელს, 2022 წლის დეკემბერში ქვეყნიდან 233 248 პირი გავიდა, ხოლო 249 976 პირი შემოვიდა.