Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობას წარუდგინა მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანია შესაძლოა, უკრაინასთან ომში რუსეთს ეხმარება.
გამოცემის წყარო, კონკრეტულად არ ასახელებს, რა მიმართულებით ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ქმედება მიზანმიმართულია.
„პრეზიდენტი სი ძინპინი თავს არიდებდა რუსეთის კრიტიკას ომის გამო, მაგრამ გამოთქვა სურვილი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს და კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა.
თუ აღმოჩნდება, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა მართლაც დაუჭირეს მხარი უკრაინაში შეჭრას, ეს შემაშფოთებელ გავლენას მოახდენს აშშ-ს პოლიტიკაზე როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ, - წერს Bloomberg.
აშშ-ის სტრატეგია უკრაინის მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობის იზოლაციასა და მისი ეკონომიკის „დახრჩობას“ ისახავს მიზნად.
„რუსეთთან მიმართებით ჩინეთის, როგორც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მხარდაჭერის ზრდამ შესაძლოა, აშშ-ის ეს სტრატეგია მნიშვნელოვნად შეარყიოს“, - წერს Bloomberg.