87 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ზაზა ალექსიძე 1935 წლის 18 ოქტომბერს თელავში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958-1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1968-1979 წლებში – ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1979-2006 წლებში კი, თსუ-ს არმენოლოგიის კათედრის გამგე.
1989-2006 წლებში მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორად. 2006 წლიდან იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსუ-ს სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, 2002-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 2002-2004 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. ზაზა ალექსიძე არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.
1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ეპისტოლეთა წიგნი“, 1984 წელს სადოქტორო დისერტაცია – „ადრეული შუა საუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“.
2002 წელს ზაზა ალექსიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.