კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში, გოლოსეევსკის რაიონში არასაცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა გრძელდება.
ამავდროულად, KGVA-ს სპიკერმა მიხაილ შამანოვმა ტელემარეთონის ეთერში აღნიშნა, რომ რაკეტის ნაწილი გოლოსეევსკის რაიონში დაეცა.
მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 55 წლის კაცი გარდაიცვალა.
დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.